ახალი ამბები

ააიპ-ის მიერ მიღებული დივიდენდების დაბეგვრა

2011 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დივიდენდების დაბეგგვრის საკითხი.

აღნიშნული ცვლილების ლობირება განახორციელა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ხოლო კონსალტინგი საგადასახადო სისტემის და პროცედურების ტექნიკურ საკითხებზე განახორციელა პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG).

 საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანიზაციის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები) მიერ მიღებული დივიდენდი დამატებით იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით, მაშინ როცა საქართველოს საწარმოს მიერ მეორე საწარმოდან მიღებული დივიდენდი საერთოდ არ იბეგრება.

საკითხის ასეთი რეგულირება დისკრიმინაციულია ორგანიზაციების მიმართ. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) დაიწყო საკითხის დარეგულირების გზების მონახვა. კანონპროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, ორგანიზაციები გაუთანაბრდა  გადასახადის სხვა გადამხდელებს (ფიზიკურ პირები, უცხოური საწარმოები) და მათ მიერ მიღებული დივიდენდების დაბეგვრაც იგივე რეჟიმში მოექცა : 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით“, ხოლო 2014 წლიდან გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით“. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ დაექვემდებარება“.

აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან ააიპ-ის სამართლებრივი ფორმით.